აფრიკიდან დმანისამდე ანუ //THE HUMAN ODYSSEY

 დმანისის აღმოჩენებისა და მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ, 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, დიდი სიხშირით წერენ ცნობილი გამოცემები: National Geographic, Science, Nature.
თუ ტოპონიმ „დმანისს” „დაგუგლავთ”, უამრავი სამეცნიერო სტატია და მსოფლიო რუკაზე წითლად შემოხაზული პატარა სოფელი გამოჩნდება კავკასიის რეგიონში, დიდი აბრეშუმის გზის გასაყარზე. რუკაზე წითლადაა აღნიშნული ის გზა, რომელიც „უძველესმა მოგზაურმა” აფრიკიდან დმანისამდე გაიარა. ამ პროცესს სამეცნიერო წრეებში The Human Odyssey-საც უწოდებენ.
„დღეს ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები, აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე სახლობდნენ. თუ როგორ და რატომ გავრცელდნენ ისინი ევრაზიაში, მუდმივი დავის საგანია. ადამიანი აფრიკის გარეთ, სულ მცირე, 1,8 მილიონი წლის წინ გავრცელდა. დმანისში ნაპოვნი ქვის იარაღები აფრიკაში ნაპოვნი არქაული ქვის იარაღების იდენტურია, მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება აფრიკის ადრეულ ჰომინიდებს. რამ აიძულა ისინი, გასულიყვნენ აფრიკიდან? მათი განსახლება მოხდა იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ და უნდოდათ ახალი ტერიტორიების ათვისება,” - წერს National Geographic.

აღმოჩენის ისტორია
Science-ის მიერ 2000 წლის 10 საუკეთესო მეცნიერულ მიღწევას შორის დმანისის აღმოჩენა საუკეთესო სამეულში მოხვდა.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო. არქაულ ცხოველთა ძვლები (გადაშენებული მარტორქა) აქ პირველად პალეონტოლოგმა აბესალომ ვეკუამ ამოიცნო. 1984-ში მიწიდან პირველი ქვის იარაღებიც ამოვიდა. 1991 წელს დმანისს უკვე გერმანელი არქეოლოგები შეუერთდნენ. სულ მალე ამ ადგილმა მსოფლიო მეცნიერული წრეების ყურადღება მიიპყრო და ის საერთაშორისო კვლევის ობიექტი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობითა და გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი და ესპანელი კოლეგების მონაწილეობით.
1991 წელს დმანისი სენსაციური აღმოჩენის ადგილად იქცა, როცა აქ უძველესი ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოჩნდა.
„მიმაჩნია, რომ არქეოლოგიაში ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჩვენამდე დმანისში არქეოლოგი ნუგზარ მგელაძე მუშაობდა. აღმოჩენის ადგილამდე ზუსტად 20 სმ-ში შეჩერდა და გათხრები შეწყვიტა. ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა. პირველად ქვედა ყბა აღმოვაჩინეთ. ამ აღმოჩენის შესახებ მაშინვე ბატონ ლეო გაბუნიასთან და აბესალომ ვეკუასთან ერთად ფრანკფურტში, სამეცნიერო კონფერენციაზე განვაცხადეთ. საეჭვოა, მიუღებელია, - ამბობდა ბევრი მათგანი, რადგან მეცნიერებისთვის მიუღებელი იყო აღმოჩენა, რომელიც ორჯერ აძველებდა პირველი ევროპელის მანამდე მიღებულ ასაკს,” - იხსენებს პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და დმანისის საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი.
„...ეს პატარატვინიანი ჰომინიდი უფრო პრიმიტიულია, ვიდრე აფრიკის გარეთ, აზიაში ნაპოვნი Homo erectus. ამ აღმოჩენამ დააძველა უძველესი ადამიანის აფრიკიდან ევრაზიაში გადასვლის თარიღი”, – აღნიშნავდნენ ცოტა ხანში ცნობილი გამოცემები.
მოგვიანებით, 2000 წელს, ცხრა წლის შემდეგ, როცა პირველ ყბას თავის ქალებიც მოჰყვა, დმანისი საბოლოოდ პირველი ევროპელის სამშობლოდ დამკვიდრდა სამეცნიერო წრეებში. დღეს აქ უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი.

პირველ ევროპელთა იმიჯები: ზეზვა, მზია და დმანისელი „თინეიჯერი”

„...შემდეგ ის მოხდა, რომ დასავლური „პრომოუშენის” შედეგად, პირველი ევროპელების, მოსიყვარულე წყვილის - მზიასა და ზეზვას იმიჯები შეიქმნა. 1995 წელს პირველად ვიმუშავე National Geographic-ის ჟურნალისტებთან და მივხვდი, რომ აუცილებელი იყო მეცნიერების პოპულარულ ენაზე ახსნა.
National Geographic-მა მზიასა და ზეზვას ისტორია შექმნა და გაავრცელა. ჩვენ კი ეს შანსი გამოვიყენეთ” - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.
ამ შანსს „ჯეკ-პოტად” მოიხსენიებს ჟურნალი Nature, ისევე როგორც IUNESCO-ს, BP-ს მხარდაჭერასა და აღმოჩენის ავტორის Rolex-ის ჯილდოს, რის შედეგადაც დმანისის ახალი საველე მუზეუმი შეიქმნა. მის დახვეწილ და თანამედროვე დიზაინზე მსოფლიო მუზეუმებზე ორიენტირებულმა ცნობილმა ფრანგულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Studio milou-მ იმუშავა. მუზეუმი პირდაპირ არქეოლოგიური გათხრების უბანზეა განთავსებული. ის 2009 წელს გაიხსნა და სულ მალე მსოფლიო ტურიზმის რუკაზე საკმაოდ ეფექტურად დაიმკვიდრებს თავს. უცხოელ ტურისტებთან ერთად თქვენც შეგიძლიათ მოინახულოთ პირველი ევროპელის ადგილსამყოფელი და, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ ახალი აღმოჩენის უშუალო მონაწილეც გახდეთ.
წლევანდელი სეზონიდან მუზეუმში მზიასა და ზეზვას წყვილს დმანისელი „თინეიჯერიც” შეუერთდა. ეს 2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის უძველესი ნაშთებია. ისიც, დაახლოებით, 1,8 მილიონი წლის წინანდელი. Old Girl at Dmanisi – ასე მოიხსენიებენ კიდევ ერთ უძველეს ევროპელს დმანისიდან, რომლის იმიჯიც, ისევე როგორც მზიასი და ზეზვასი, ცნობილმა ფრანგმა პალეოარტისტმა ელიზაბეტ დენემ შექმნა. დმანისში, „თინეიჯერის” მულაჟის პრეზენტაციაზე, პარიზიდან თავად ავტორიც ჩამოვიდა.

ელიზაბეტ დენე - უძველესი 
ჰომინიდების „იმიჯმეიკერი”
პარიზში, Atelier Daynes-ში, უძველესი ჰომინიდების მულაჟები იქმნება მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისთვის. ელიზაბეტ დენეს ხელოვნებაზე სამეცნიერო წრეებში ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ ის ყველაზე კარგად იჭერს მილიონობით წლის წინანდელ დროში მიტოვებულ ხასიათებს, გარეგნობასა და ჩვევებს. მისი სკულპტურების ენა და ხელწერა დროის მისტიკად შერაცხეს. მან სახელი გაითქვა ლასკოს მღვიმის მამონტებისა და ჰომინიდთა ჯგუფის რეკონსტრუქციით, National Geographic-ის გახმაურებულ პროექტში - King Tut’s Final Secrets - მონაწილეობით, სადაც ტუტანჰამონის შესანიშნავი მულაჟი შექმნა, ნეანდერტალელთა ოჯახის რეკონსტრუქციითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აინშტაინის მულაჟითაც - საგანგებოდ მადრიდის გრანდიოზული CosmoCaixa-ს მუზეუმისთვის. 
როგორც როდენისა და კამილ კლოდელის თაყვანისმცემელმა, Halle museum-ისთვის 200 000 წლის წინანდელი ჰომინიდი როდენის „მოაზროვნის” პოზაში აღადგინა. ის საუკეთესო ევროპელი არტისტია და მის მიერ ჰიპერრეალისტურად რეკონსტრუირებული უძველესი ჰომინიდები უძველეს დროში უძველეს საზოგადოებას აღმოგვაჩენინებს. 
გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ხორვატიაში, ავსტრიაში, საქართველოში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილმა უძველესი ჰომინიდების ნაშთებმა ელიზაბეტის ხელით, ჰიპერრეალისტური რეკონსტრუქცია განიცადეს, მათმა ისტორიებმა კი ადამიანური შტრიხები შეიძინა. დღეს უკვე მსოფლიო იცნობს მის მიერ შექმნილ უძველეს ჰომინიდთა იმიჯებს.

აფრიკა... შესაძლოა, ზეზვასა და მზიას წინაპრებიც...
რიფტის უდაბნო, გადაჭიმული 6000 კმ-ზე სირიის ჩრდილო ნაწილიდან ცენტრალურ მოზამბიკამდე და აღმოსავლეთ აფრიკამდე - ეს „აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზია” და ამ ადგილს არქეოლოგები „კაცობრიობის აკვანს” უწოდებენ. აქ დღემდე უამრავი ექსპედიცია მუშაობს და აღმოჩენილია ნამარხი ჰომინიდების დიდი რაოდენობა, რომელთა ოჯახსაც განეკუთვნება პრიმატებისა და ადამიანების განვითარება.
ჩვენ აფრიკაში აღმოჩენილ რამდენიმე „ცნობილ” ჰომინიდს გაგაცნობთ. პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურაში მათ უკვე საკუთარი სახელი და იმიჯი დაიმკვიდრეს:

თუმაი - საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთით, ჩადის რესპუბლიკაში, დიუბარის უდაბნოში, 2001 წელს პატარა თავის ქალას ფრაგმენტები აღმოაჩინეს. არსებას, ვისაც ეს თავის ქალა ეკუთვნოდა, თუმაი დაარქვეს, რაც ადგილობრივი გამოთქმაა და „სიცოცხლის იმედს” ნიშნავს. აღმოჩენის ავტორია ფრანგი მიშელ ბრუნე. 
თუმაის სახე პრიმიტიულია, წინ წამოწეული ნაკვთებით. ტვინის მოცულობა 340-360 კვ. სმ. იყო - ოთხჯერ ნაკლები ადამიანის ტვინის მოცულობაზე (დახლოებით შიმპანზეს ტვინის მსგავსი). ფრანგულ-კანადურმა ექსპედიციამ მომდევნო, 2002 წელს, იმავე ადგილზე, ხუთი არსების ჩონჩხის ფრაგმენტიც იპოვა, შეისწავლა და საბოლოოდ გამოყო ახალი სახეობა - საჰელანტროპი (Sahelantropus). დადგინდა, რომ ის 6-7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
თუმაისთან დაკავშირებით, მეცნიერებაში არ არსებობს ერთიანი აზრი. თვლიან, რომ, შესაძლოა, ეს იყო პრიმატული ჰომინიდი, ადამიანის ან გორილის წინაპარი. გარემო, რომელშიც თუმაი ცხოვრობდა, ერთობ რომანტიკული იყო: დიდი ტბის ნაპირი, რომლის ირგვლივ ჰავანა იშლებოდა, იმის იქით კი - ქვიშიანი უდაბნო.
მართალია, თუმაის წარმომავლობა ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ სამეცნიერო წრეებში ამ ცნობილი ჰომინიდის იმიჯით უკვე შესანიშნავად სარგებლობს თავად ჩადის რესპუბლიკა: ჩადის ავიახაზებს თუმაის სახელი - Tumai Air Tchad ჰქვია.
Abel - ასე დაარქვა მიშელ ბრუნემ თავის მიერ აღმოჩენილ ავსტრალოპითეკს თავისი გარდაცვლილი მეგობრის სახელი. Abel-იც ჩადის რესპუბლიკაში, ბახრ-ელ-გაზალის ნაპირებზე აღმოაჩინეს 1995 წელს და დაადგინეს, რომ ის 3,5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. 
ეს აფრიკის ყველაზე დასავლეთით ნაპოვნი ავსტრალოპითეკის ნაშთებია და ამ სახეობის აფრიკაში ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს.

Mrs. Plesi-მ კი თავსატეხი გაუჩინა მის აღმომჩენს – ჯონ რობინსონს: 2,15 მილიონი წლის Plesi სტრეკფონტენში – სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. მისი თავის ქალა იმდენად დაზიანებული იყო, რომ ძნელი დასადგენი გახდა, ის ბატონი იყო თუ ქალბატონი. ამიტომ თავდაპირველად მას Plesianthropus Transvaalenis უწოდეს, საბოლოოდ კი მან პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურაში Mrs. Plesi-ს სახელი დაიმკვიდრა და ელიზაბეტ დიენემაც მისგან შესანიშნავი სანდომიანი ქალბატონის იმიჯი შექმნა.

Ardipithecus Ardi-მ კვარცხლბეკიდან ჩამოაბრძანა ადამიანის ყველაზე ძველი წინაპარი, ავსტრალოპითეკი, სახელად Lucy და მისი ადგილი თავად დაიკავა. მის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჟურნალებში Science, National Geographic და ა.შ.
Ardi ლეგენდარული Lucy-ს ერთ-ერთმა აღმომჩენმა, ასევე ლეგენდარულმა ტიმ უაიტმა იპოვა ეთიოპიაში 1992 წელს. მისი სიმაღლე 150 სმ, წონა კი 50 კგ იყო და 6 დუიმით მაღალი გახლდათ მინიატიურულ Lucy-ზე. 15 წელიწადს იკვლევდნენ მეცნიერები Ardi-ს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ის 4,4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და უძველესია ადამიანის წინაპართა შორის. Ardi აფარულ ენაზე მიწას, ფესვებს ნიშნავს.

Lucy in the sky 
with Diamonds
Lucy და დონალდ ჯოჰასონის პოპულარული წიგნი ლუსიზე დღემდე ლეგენდად რჩება არქეოლოგებში და, საერთოდ, არქეოლოგიის მოყვარულებში. ამ ლეგენდის შექმნაში სხვა ლეგენდას - The Beatles-ს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი: წარმოიდგინეთ 70-იანების დასაწყისი. მსოფლიო „ბიტლზების” რიტმებით ცხოვრობს. 1974 წელი. აფრიკა. ეთიოპია. მდინარე ომოს ნაპირებთან ფრანგულ-ამერიკული ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას პროფესორი დონალდ ჯოჰასონი ხელმძღვანელობს. მის გვერდითაა ტიმ უაიტიც. მაგნიტოფონიდან აქაც „ბიტლზების” რიტმები იღვრება. სენსაციური აღმოჩენა - ჩონჩხის ფრაგმენტი, რომლის 40% კარგად შენახულია და ეს უნიკალური მოვლენაა ანთროპოლოგიაში. ბანაკში აჟიოტაჟია, მაგნიტოფონიდან ხმამაღლა ისმის „ბიტლზების” Lucy in the sky with Diamonds...
აღმოჩენილი ჩონჩხი ქალისაა და, როგორც ჩანს, პირველი ქალის. გადაწყდა, მას Lucy-ს არქმევენ. Lucy მინიატიურულია. მისი სიმაღლე მხოლოდ 105 სმ-ია და 27კგ-ს იწონის. ტვინის მოცულობა 400 კვ. სმ-ია. ის 3, 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და 25-30 წლის ასაკშია გარდაცვლილი.

მცირე მუსიკალური გადახვევა: 
„Lucy-ს პროტოტიპი შარშან გარდაიცვალა”, - ამბობს ბატონი დავითი. აღმოჩნდა, რომ „ბიტლზების” Lucy-ის გულისხმობს. 
ჯონ ლენონის შვილის, ჯულიან ლენონის ბავშვობის მეგობარი Lucy Vodden „ბიტლზების” ამ სიმღერის ინსპირაციის წყარო იყო. ერთხელ, საბავშვო ბაღიდან დაბრუნებული ოთხი წლის ჯულიანი მამასთან მივიდა, თავისი ნახატი აჩვენა და უთხრა, რომ ეს მისი მეგობარი ლუსია - Lucy in the sky with Diamonds...
ლენონი მაშინ ლეგენდარულ ალბომზე - სერჟანტ პეპერზე მუშაობდა და ალბომში შეიტანა ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით Lucy in the sky with Diamonds.
ალბომის გამოსვლისთანავე, კომპოზიციის სახელწოდება, მისი ინიციალების მიხედვით, მუსიკის კრიტიკოსებმა LSD-ს დაუკავშირეს და Lucy in the sky with Diamonds ერთხანს აკრძალულიც კი იყო BBC-ზე.

P.S. ევოლუციის მუზეუმი ბურგოსში
ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში, ცნობილი ატა-პუერკას გათხრებიდან სულ რაღაც 15 კმ-ში, გრანდიოზული მუზეუმი გაიხსნა (Museum of Human Evolution). 
ეს 70-მილიონიანი პროექტია, მისი საგამოფენო სივრცე და ლაბორატორიები 15 000 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული და ადამიანის ისტორიაზე, უხსოვარი დროიდან დღემდე, გრანდიოზულ ექსპოზიციას შეიცავს. მუზეუმი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების მეორე დღეს გაიხსნა. პრეზენტაციას ესპანეთის დედოფალი სოფია ესწრებოდა.
„ეს ის სფეროა, რომელშიც, ფეხბურთისგან განსხვავებით, საქართველოს შეუძლია, ესპანეთს კონკურენცია გაუწიოს,” - უთხრა (რასაკვირველია, ხუმრობით) პრეზენტაციაზე დავით ლორთქიფანიძემ ესპანეთის დედოფალს. მუზეუმში განთავსდება მასალა პირველი ევროპელის სამშობლოზე - დმანისზე და დმანისელი „თინეიჯერის” მულაჟის ასლი, რომელიც ელიზაბეტ დენემ საგანგებოდ ბურგოსისთვის შექმნა. ახალ მუზეუმში ამ ცნობილი პალეოარტისტის თითქმის ყველა ნამუშევარია წარმოდგენილი – იმიჯები ადამიანის ისტორიიდან.

No comments:

Post a Comment